რეაბილიტაციის გამო ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება, განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით სამუშაოების მიმდინარეობისას ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა ორმხრივად შეეძლებათ. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მერს არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამაზე ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.
“სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ ივნისის დასაწყისში. მანამდე მივაწოდებთ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ იქნება მიმდებარე ქუჩებზე და ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს კონკრეტული მონაკვეთი აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს იმიტომ, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ვაწარმოოთ დროულად. სამუშაოების პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება ამ ტერიტორიაზე. ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. დეტალურ ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწოდებთ. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება”- თქვა კალაძემ.
ამასთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, ასევე, დამონტაჟდება ახალი ბოძები თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკები, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის.