თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე გამოძახებულმა მოწმემ, თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზაქარია გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
„როგორც წესი, სატენდერო კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მოდიოდა გამზადებული ოქმები და ვაწერდით ხელს. რაიმე გადაწყვეტილებას კომისია არ იღებდა. თუ მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდებოდა, ამაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს უმაღლესი თანამდებების პირები იღებდნენ – მინისტრები და მოადგილეები, საკურატორის მიმართულებით.
როდესაც საქონლის შესყიდვა ხდებოდა, ჩემი სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შემდეგ ერთვებოდა საქმეში და ამოწმებდა თუ რამდენად შეესაბამებოდა მონაცემები, მოთხოვნილს, ასევე ხარისხს.
რაც შეეხება გორის ჰოსპიტლისთვის ტექნიკის შესყიდვას, აქ არ ჩავრთულვართ, რადგან ამ მიმართულებით კომპეტენცია არ გვაქვს“, – განაცხადა ზაქარია გიორგაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.
ასევე, მხარეებმა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ ცნეს.
