“ვითარება რთულია, პაციენტს სჭირდება მედიკამენტებით დახმარება გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად – სისხლდენა გაჩერებულია, პროგრესზე რამის თქმა ამ ეტაპზე რთული იქნება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკურნალობის შესახებ მოწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის მდგომარეობის სამართავად რა პრეპარატებიცაა საჭირო, როგორც მედიკამენტები, ისე ტექნიკური აღჭურვილობა, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის.
„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.
[კუჭის სისხლდენა] ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე, წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.
ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია.
ამ ეტაპზე, მის მდგომარეობას რა პრეპარატებიც სჭირდება, როგორც მედიკამენტებით, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. ამ კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები, 8 ექიმი ვიყავით, ვერ გეტყვით უცხოელ სპეციალისტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
