“პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა” – ამის შესახებ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ BM.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
თემურ ჭყონიამ ამ განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს უპასუხა, რომლის მტკიცებითაც, მთავრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბიზნესთან შეთანხმებით იღებს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა BM.ge-სთან განმარტა, რომ ტექნოლოგიურად 20-ლიტრიანი ბოთლის სასმლის წარმოება წარმოუდგენელია.
ვუსმინე სოლომონ პავლიაშვილის ინტერვიუს ერთ-ერთ არხზე და ცოტა შევწუხდი. თუ ეს თემა სოლომონ პავლიაშვილმა წაიყვანა, მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ მომავალ წელს შუშის აკრძალვაც მოგვიწევს, მერე ქილების აკრძალვა მოგვიწევს. ეს ადამიანი, აკრძალვას პრევენციას ეძახის. როგორც თვითონ უწოდებს ნარჩენები არ ნიშნავს დაბინძურებას, დაბინძურება სხვა თემაა, მაგაში ვერ ერკვევა და თვითონ აპირებს რაღაც რეგულაციების შემოღებას. მას ვერც წარმოუდგენია, რომ 20-ლიტრიანი ბალონის გაბერვა და ჩასხმა. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა. არანაირი კავშირი არ გვქონია არასოდეს ჩვენ, არც ტექნოლოგია, არც ქარხნები უნახავს. მე გავიკითხე ყველგან. აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ბიზნეს ინდუსტრია 25 წლით უკან დაიწევს. ამ აკრძალვებით ჩვენ დავუბრუნდებით 2001 წელს,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის განმარტებით, პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან დასწევს.
ჩვენ უკეთესად ვიცით ეს რეგულაციები და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ნარჩენების შეგროვებაზე და არა სიბინძურეზე, ნარჩენების შეგროვების პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.
ჩვენ ვართ ქარხნების აშენებაზე, გადამუშავების პასუხისმგებლები, ჩვენ ვართ ახალი ინდუსტრიის შექმნაზე პასუხისმგებლები და არა 25 წლით უკან დაბრუნებაზე იმ დროს, როდესაც 25 წლის უკან დაბრუნებით წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით. რაც ადრე ჩამოაცილებენ ამ თემის მართვას, მით სწორ გზას დაადგება ჩვენი სახელმწიფო,” – განაცხადა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა.
