თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.
„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.
