პროკურუტურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომე მიქაუტაძესთვის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევას ითხოვს – როგორც საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, რომლის ღირებულება მილიონზე მეტია, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა – მეუღლის სეიფიდან ამოღებული 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, ცოლის Cartier -ის ოქროს საათი.
პროკურორის თქმით, მიქაუტაძის დანაშაულებრივ ქმედებას მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.
“უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, ღირებულება 1 მილიონზე მეტია. ჩამოერთვას მანქანა Land Rover –ი, ღირებულება 355 000 ლარი, ჩამოერთვას მცხეთის უძრავი ქონება. ჩამოერთვას რომეო მიქაუტაძის ძმის ცოლის სახელზე არსებული ჰესის 15 პროცენტიანი წილი, რომლის ღირებულება 1 მილიონს აღემატება.
ჩამოერთვას მეუღლის სეიფიდან ამოღებული საათი, ღირებულება 162 000 ლარზე მეტი. ჩამოერთვას ცოლის ოქროს Cartier -ის ფირმის ოქროს საათი ღირებულება 81 880 ლარი. ჩამოერთვას ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები. ჩამოერთვას Lexus-ის ავტომობილი” , – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ, რომლის პასუხადაც რომეო მიქაუტაძემ განაცხადა: – “ტაშს ვერ დაგიკრავთ, ბატონო პროკურორო”.
სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. ირაკლი მარშანიას თქმით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო რომეო მიქაუტაძეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნებს და ქონებებიც ჩამოერთმევა.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.
