სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეგიონების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხები გაურკვეველ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა, მათ შორის კონკრეტულ ადამიანებთან, ან იმ კომპანიებთან, რომლებთანაც გამგეობას არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული.
- აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა 2022-2023 წლებს მოიცავს.
საეჭვო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა ჯამში 5 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, მათ შორის ფოთის, ამბროლაურის, რუსთავის და ქარელის ბიუჯეტიდან გადაირიცხა.
როგორც ირკვევა, ფოთის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონი ლარი ისეთ ანგარიშზე გადაირიცხა, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება.
ამასთან ფული ირიცხებოდა მერიის თანამშრომლებთანაც, დანიშნულება სხვა დასაქმებულების ხელფასი იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა აღნიშნულ პირებს სახელფასო თანხა უკვე აღებული ჰქონდათ.
კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ეს არც არამიზნობრივი ხარჯვა და არც თანხების გაფლანგვაა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვნა პირდაპირ ქურდობაზე და სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს, რომელზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.
ეს არ არის არც არამიზნობრივი ხარჯი, ეს არ არის არც ფლანგვა, რომ ნაკლები უნდა დახარჯულიყო და მეტი დაიხარჯა, ეს არის პირდაპირ ქურდობა. როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო ფულს გადარიცხავ სხვის ანგარიშზე, ისეთი ადამიანის ანგარიშზე, რომელიც არც კონტრაქტორია, არც შენი მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, ეს ნიშნავს ფულის მოპარვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც უნდა დაიწყოს გამოძიება. სრულად მორღვეულია ადგილობრივი თვითმმართველობა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. წარმოიდგინეთ, ბუღალტერი რომ მის ანგარიშზე, ან აზარტული თამაშების ანგარიშზე ფულს გადარიცხავს, ამ ფულის გადარიცხვას საბოლოოდ ხელს აწერს მერი.
ორად ორი მიმართულებაა – ერთი, რომ მერმა არ იცის რა ხდება და ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას გულგრილად ეკიდება და მეორე არის, რომ თვითონ არის ჩართული კორუფციაში,” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
პოლიტიკოსი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ როდესაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა ყველანაირი საბუთის და ახსნა-განმარტების გარეშე ხდება, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ეს თანხა არ ეკუთვნით და რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება, ეს ძალიან ბევრ სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის ამ დასკვნაზე საჭიროა შესაბამისი გამოძიების ჩატარება, თუმცა “როდესაც საქმე ეხება “ქართულ ოცნებას” და კორუფციას, გამოძიება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს არის პარტიის ინტერესებში”.
ის ძალიან მასშტაბური ზიანი, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა მიიღო, გამოწვეულია იმ გახრწნილი კორუფციული გარემოდან, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
უბრალოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხდებოდა, ყველანაირი საბუთის და ახსნა-განმარტების გარეშე, თანხის გადარიცხვა იმ პირებისთვის და ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც – ერთი, რომ არცერთ შემთხვევაში არ ეკუთვნოდათ ეს თანხები და მეორე, რომელთა იდენტიფიცირებაც საერთოდ ვერ ხერხდება, რაც ბუნებრივია მიანიშნებს ძალიან ბევრ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელსაც შესაბამისი გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება “ქართულ ოცნებას” და კორუფციას, გამოძიება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს არის პარტიის ინტერესებში,” – ამბობს საბა ბუაძე.
