ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ბრალდებულმა რომეო მიქაუტაძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, არის და იქნება მისი მეგობარი, თუ ამის საშუალება მიეცემათ. მისივე თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს მეგობრობდა და დიდი ალბათობით მომავალშიც არ ექნება მასთან მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მიქაუტაძის განცხადებით, თუ თავად არ უარყოფს, მათ შორის გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არსებობს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ საქმეში რაიმე შეცდომაა და მას, როგორც სუბიექტს, რაიმე გადაცდომა ჰქონია, ეს არის ის, რომ უყურადღებოდ მოეკიდა დეკლარაციის შევსებას და საბოლოოდ დეკლარაციის მძევალი აღმოჩნდა.
მანამდე რომეო მიქაუტაძემ ჩამოთვალა ყველა ის თანამდებობა, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობამდე უმუშავია და განაცხადა, რომ მისი საქმიანობა უკავშირდებოდა კომპანიებს, სადაც მაღალ ანაზღაურებას იღებდა.
რომეო მიქაუტაძის განმარტებით, 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება ქონებებს: სახლებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებს, ბრალდებული განმარტავს, რომ ისინი შეიძინა აღებული ხელფასებით და ასევე, მას შემდეგ, რაც „მაშავრა ჰესი“ გაყიდა.
„ეს სადგური გაიყიდა 2011 წელს თუ სწორად მახსოვს. დამიკავშირდა ქალბატონო ნათია თურნავა , რომელიც კერძო კომპანიაში მუშაობდა და შემომთავაზა აღნიშნული სადგურის გაყიდვა. საუბარია 2010 ან 2011 წელზე. სადგური გავყიდეთ და მოხდა გარკვეული თანხის ინვესტირება.
საჩუქარი დედისგან ორჯერ მაქვს მიღებული 10 ათასი და 50 000 ლარი, გარდა ხელფასებისა. დაბადების დღეზე მაქვს მიღებული რამდენიმე საჩუქარი, დიდი ალბათობით ეს არის 2024 წელი, როცა უკვე საჯარო მოხელე აღარ ვიყავი. ასევე ალბათ მიმიღია 2017 წლამდეც. მქონდა სახლები ბათუმსა და თბილისში, რაც ჰესის გაყიდვის შემდეგ ვიყიდეთ. მქონდა 4 ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები, საკმაოდ სოლიდურ ქონებაზეა საუბარი. 240 000 დოლარი იყო ჭავჭავაძის ბინა, 100 000 დოლარი ბახტრიონის ბინა. რაც შეეხება თანხების წარმომავლობას, გამოძიების მიერ ჩატარებული დოკუმენტებით, ისინი ამბობენ, რომ 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით – ბინების, მიწის ნაკვეთების, მანქანების გარდა ოჯახს ნაშთად ჰქონდა 340 000 ლარიო, ოღონდ მითითებული არ არის, რომ ქონება ჰესის გაყიდვის შედეგად შევიძინე. ანუ გამოძიებას ქონების ნაწილში დათვლილი აქვს სამი პერიოდი: 2017 წლამდე, 2024 წელი და 2024 წლის შემდგომ.
ამასთან, 2018 წელს, წეროვანში ვიყიდეთ ნაკვეთი, სადაც უნიკალური ჯიშის ხეხილი – ვაშლი, ყურძენი იყო მოყვანილი. დავიწყეთ ამ ნაკვეთის რეკონსტრუქცია, მოვაწყვეთ ბასეინი, იქ არსებული ძველი სახლი გავარემონტეთ, საკმაოდ დიდი თანხები გავწიეთ, მოვაწყვეთ იქ ფაზენდა ისე, რომ მწვადის შეწვა შეიძლებოდა და ა.შ. გავყიდეთ ეს წეროვნის სახლი 600 000 ევროდ. მანამდე ჩემს სამეგობროს შევთავაზე, ვინმეს ხომ არ უნდოდა ყიდვა. კახაბერ ქებურიამ გამოთქვა ყიდვის სურვილი და იყიდა. ჩემი ცოლი მივიდა კონკრეტულ ბანკში, მიუტანეს თანხა და ჩარიცხეს ჩემი ცოლის ანგარიშზე. ეს ქალი კი იძახის, საერთოდ არ ვყოფილვარ ბანკშიო“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც ასევე გამოძიების საგანია, მიქაუტაძის თქმით, სასტუმროს წილის 50% ეკუთვნის მის მეუღლეს, 50% კი მეგობარს, ხოლო სასტუმრო მეგობართან ერთად ბანკიდან აღებული სესხით შეისყიდეს.
„ასევე მოცვის ბაღებზე მომიწყვეს გაუგონარი რამ, რაზეც ერთი ლარიც კი არ ჩამიდია. ჩემზე გადაცემა გადაცემაზე მიდიოდა: რომა არის ქვეყნის დამაქცევარიო. მსგავსი ფაქტების შემდგომ მანქანა გავაფორმეთ, ჩემი მეუღლის მეგობრის თათული კალანდარიშვილის სახელზე, თუმცა მანქანით ჩემი მეუღლე დადიოდა.
მყავს უაღრესად ვაჟკაცი და ღირსეული მშობლები, მამაჩემი მთელი თავის ცხოვრება ემსახურებოდა სახელმწიფოს. მუშაობდა უშიშროების სამსახურში, შემდგომ ცხოვრებაში რაღაც შეემთხვა და ამის შემდგომი წლები მუშაობდა გარდაბნის თბოელექტროსადგურში თავისი პროფესიით, უსაფრთხოების სამსახურში. პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. დედაჩემიც უაღრესად პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოქალაქეა. მუშაობს და გააჩნია სოლიდური შემოსავალი. ჩემი უსაყვარლესი პატარა ძმა, მუშაობდა უშიშროების სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, შემდგომ გადაინაცვლა ბიზნესში და წარმატებით ართმევს თავს. ჩემი შვილები, პირნათლად გავზარდეთ ოჯახმა, რომ ემსახურონ ქვეყანას. ერთი მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე – მადრიდში არქიტექტურის განხრით. წარმატებით ართმევს თავს იმ დარიგებებს, რაც მე და ჩემმა მშობლებმა მივეცით.
რაც შეეხება ბატონ ირაკლის (ღარიბაშვილს) 1997 წელს გავიცანი ჩემი მეუღლე (მადლობა ამისთვის განგებას), რამდენიმე დღეში, ჩემმა მეუღლემ გამაცნო თავისი მეგობარი, ბატონი ირაკლი, რომელთანაც ამ ხნის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა გამაჩნია. ირაკლი იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი, თუ მოგვეცემა ამის საშუალება. მე და ბატონი ირაკლი მკაცრად ვიცავდი სუბორდინაციას.
რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, მე მასთან არც არასდროს არ მიმეგობრია, არც დღეს არის ჩემი მეგობარი და დიდი ალბათობით, არც მომავალში არ მექნება მეგობრობა. ეს ადამიანი ციხეშია და ვუსურვებ, ოჯახს დაუბრუნდეს, ეს ადამიანური მომენტია. გარკვეულ ეტაპზე, სადაც ის იღებდა მონაწილეობას, მისი თანამდებობის ზომიდან და წონიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მქონდა ურთიერთობა. როცა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაგისვამს კითხვას, ვალდებული ხარ უპასუხო. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია, ლევანთან კი, 2 წელი ვიმუშავე. ყოველდღიურად ვხვდებოდით, შეხვედრები იმართებოდა. თავად თუ არ უარყოფს, კი ბატონო, გარკვეული მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.
რაც შეეხება საჩუქრებს, მიმიღია საჩუქარი, მათ შორის საათი, რომელიც კონკრეტული ადამიანებისგან მიმიღია. რომ მაჩუქეს არ დამიდეკლარირებია და არ ვიცი, რატომ. თუკი რამე შეცდომაა ამ საქმეში და მე, სუბიექტს, რომეო მიქაუტაძეს რამე გადაცდომა მქონია, ეს არის ის, რომ უყურადღებოდ მოვეპყარი დეკლარაციის შევსებას და აღმოვჩნდი დეკლარაციის მძევალი. რადგან მთელი ჩემი ქონება არ აისახა მანდ. ეს იყო ჩემი უყურადღებობა და ამ უყურადღებობის გამო ვზივარ აქ. ასევე დეკლარაციაში შეტანილი არ მქონდა დანაზოგები. გეუბნებით, უყურადღებოდ ვეკიდებოდი ქონების დეკლარაციას“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
