პენტაგონი ირანის ხელისუფლებას მკაცრ პასუხს ჰპირდება. ირანთან სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 11 დღის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კიდევ უფრო გააძლიეროს და ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს მძიმე დარტყმა მიაყენოს. ვაშინგტონი კვლავ იმეორებს, რომ თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს არ იტყვის, მას მძიმე შედეგები დაემუქრება.
ბოლო დღეებში ირანის რამდენიმე ქალაქში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. თეირანში, ქარაჯში, ისპაჰანში, შირაზში, თავრიზსა და სარავანში იერიშები გაგრძელდა. იერიშების სამიზნე იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ისპაჰანში განადგურდა საწარმოო ობიექტი, სადაც ირანი „შაჰიდის“ ტიპის დრონებს ამზადებდა. ასევე დაიბომბა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე სამხედრო ავიაბაზა.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად ირანის სამხედრო ფლოტსაც მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.
მედიის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი — „ბასიჯის“ მეთაური ასადულა ბადფარი. ის უკვე რიგით მეექვსე სამხედრო ლიდერია, რომელიც ირანში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს დაიღუპა.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ ასევე იერიში მიიტანა ირანის ნავთობსაცავებზე, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და „ბასიჯის“ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის იარაღის წარმოების საწარმოებზე.
