დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.720 მლნ ადამიანია.
„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია.
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137.2 მილიონი ლარი.თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია“, – ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.
