ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე მომდევნო 10-15 დღე მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს შორის ოქროზე მოთხოვნისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს. ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council-WGC) ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს.
WGC მოელის, რომ გაურკვეველი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე მარეგულირებლებმა შესაძლოა, ძვირფასი ლითონის შესყიდვები მათი მდგრადობის გასაძლიერებლად გაზარდონ.
“გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, განსაკუთრებით, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ესკალაცია მოთხოვნის მთავარ დრაივერად რჩება. ცვალებად გლობალურ წესრიგში ცენტრალური ბანკები ეროვნული ინტერესებისა და ფინანსური სტაბილურობის დაცვის სტრატეგიულ ინსტრუმენტად კვლავაც ოქროს მიიჩნევენ,” – წერს WGC.
ანგარიშის თანახმად, შესყიდვებით უზბეკეთი ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 9 ტონა ოქრო შეიძინა, რამაც მის აქტივებში ამ ძვირფასი ლითონის წილი 86%-მდე გაზარდა.
რაც შეეხება ოქროს გაყიდვებს, ამ მხრივ პირველ ადგილზე რუსეთის ცენტრალური ბანკია. მან 9 ტონა ოქრო გაყიდა, ხოლო ჩინეთმა 1.2 ტონა ოქროს შეძენით 15-თვიანი შესყიდვების სერია განაგრძო.
ამასთან, იანვარში მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, საშუალოდ, 5 ტონა ოქროს ყიდულობდნენ, მაშინ, როცა 2025 წელს ყოველთვიურად ეს მაჩვენებელი 27 ტონას შეადგენდა. შესყიდვების ტემპის კლების მიუხედავად, იანვარში მთავარი ტრენდი მოთხოვნის გეოგრაფიის გაფართოება იყო.
კერძოდ, ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურობას არ იჩენდნენ, რეზერვების შევსებას დაუბრუნდნენ. მაგალითად, მალაიზიამ 2018 წლის შემდეგ პირველი შესყიდვა განახორციელა და 3.4 ტონა ოქრო შეიძინა. ასევე, სამხრეთ კორეამ საბირჟო ფონდების მეშვეობით ოქროში ინვესტიციების განახლება გამოაცხადა, რაც 2013 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
