კახა კალაძე თვლის, რომ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის განცხადებით – საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს თინა ხიდაშელის მიერ TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” გაკეთებულ განცხადებაზე.
ამასთან, კახა კალაძე ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დიექტორის დასჯას ითხოვს იმის გამო, რომ ეკა გიგაურმა გამოცემა The Hill-ის სტატია სათაურით: “საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა” Twitter – ზე გააზიარა. [აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურის შესახებ კითხვა თბილისის მერს ასევე სამთავრობო მედიამ დაუსვა].
“მუდმივი შემოტევა მიმდინარეობს საქართველოს მიმართ, თუმცა ამ ტიპის განცხადებების გაკეთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც ასეთ მძიმე ფაქტებზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს რეალურად, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ღალატი. ვფიქრობ, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდეს. ამ ტიპის, ცრუ განცხადებების გაკეთება ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება.
ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს.
არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება.
ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“ – კახა კალაძე.
