“ქართულმა ოცნებამ” გრანტების შესახებ კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს – ცვლილებებს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ ქართული ოცნების წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მაგალითად, თუ მოქალაქე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია და ის გზავნილს იღებს ემიგრანტი ოჯახის წევრისგან, თანხის მიღების ნებართვა “ქართულ ოცნებასთან” უნდა შეათანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამავე კანონის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ბიზნესებისა და კომპანიების საჯარო პოლიტიკური აქტივობა.
კანონპროექტი გრანტის ტერმინსაც განმარტავს. დოკუმენტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა “ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით”.
ამავე ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდა გარე ლობიზმიც.
