დღეს, 27 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის.
A ჯგუფის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თებერვლის ფანჯარაში ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრასაც დანიასთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში, 2 მარტს.
სწორედ ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია) საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის.
A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B-ს ტრიოს შეუერთდება და სწორედ მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამეული მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს. გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა გადაჰყვებათ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დანიასთან შინ და გარეთ მოგებები.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნოემბერში დაიწყო, თუმცა დამარცხდა უკრაინასთან და ესპანეთთან. ამ მატჩებში გუნდს დაეხმარა ვეტერანი ცენრტი გიორგი შერმადინი, რომელმაც სანაკრებო კარიერა სწორედ გასულ შემოდგომაზე დაასრულა და ახლა ჩვენს გუნდს შერმადინის გარეშე მოუწევს თამაში.
