ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებების პროფესორები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებენ, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები.
“ფაკულტეტზე არსებული ბიზნეს სკოლა ყველაზე დიდი ბიზნეს სკოლაა საქართველოში. სკოლას აქვს უნიკალური და ძალიან მოთხოვნადი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ანიჭებს BBA da MBA კვალიფიკაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ ინგლისურენოვან MBA-ს არ ჰყავს ანალოგი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამაში ისწავლება მრავალფეროვანი, ინოვაციური და უნიკალური სასწავლო კურსები. ის შემუშავდა ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამა არის სრულიად ინგლისურენოვანი, რაც იძლევა არამხოლოდ ადგილობრივი სტუდენტების ევროპულ უსდ-ში “ერასმუს” + ფარგლებში სასწავლებლად გაგზავნას, არამედ შესაძლებელს ხდის პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების მიღებას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აქვთ ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა (დღეისთვის 26 ქართველ სტუდენტს მოპოვებული აქვს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის კუთხით, 24 ავსტრიელს კი ილიაუნის MBA). რაც შეეხება ტრადიციებს, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ვერცერთი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ვერ ჩაითვლება ტრადიციულად იმ მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, 1990-იან წლებამდე ეს პროგრამები არსად ისწავლებოდა. 12 თებერვლის დადგენილების შედეგად ფაკულტეტის ყველა სკოლაში შემცირდა მისაღები კვოტების რაოდენობა, ბიზნეს სკოლაში კი საერთოდ განულდა. ჩვენ პროგრამების მაღალი ხარისხისა და მათზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული ჩვენი ფაკულტეტის მიმართ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები”, -აღნიშნულია განცხადებაში.
