ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
“კარგი ამბავი ის არის, რომ წელიწადნახევრის შემდეგ დღეს პირველი დღეა, როცა საქართველოში კოვიდისგან არავინ გარდაცვლილა.
მკვეთრად არის შემცირებული ინფიცირებულთა რაოდენობაც და შემთხვევებიც.
უკვე 2 კვირაა, დადასტურებული შემთხვევები ოთხნიშნას ჩამოსცდა.
მალე ორნიშნა გახდება და საბოოლოდ, კოვიდ 19 დამარცხდება და ჩვეულებრივ ვირუსად დარჩება, რომლის გამოც არც ქვეყნები ჩაიკეტება, არც კომენდანტის საათი იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ჩანადირი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა. 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა.
სამთავრობო საიტზე, სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 625 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 324 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 721.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი.
7 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური – 1.43%;
ბოლო 7 დღის – 1.9%;
ბოლო 14 დღის – 2.32%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 650 708 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 765 ადამიანი.