“ოცნებამ” დიდი შეცდომა დაუშვა” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების კომენტარს გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაზე.
- ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ფეიკ ნიუსების” განმხილველ ორგანოდ მოიხსენია.
ეკა გიგაურის თქმით, “ოცნება” ერთის მხრივ თავს ესხმის შეერთებული შტატების ორგანოს და მეორეს მხრივ აჩვენებს, რომ თითქოს ურთიერთობის დალაგება სურს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ეს განცხადებები მიზნად ისახავს იმას, რომ მათმა ამომრჩეველმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე საქართველოს შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არ დაიჯერონ.
ერთის მხრივ ისინი [“ქართული ოცნების” წარმომადგენლები] დებენ ფოტოებს [აშშ-ის] ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის, თუ შეხვედრის მცდელობის, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს და მეორეს მხრივ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ორგანოს [აშშ-ის ჰელსინკის კომისიას], რომლის ხელმძღვანელიც და თავმჯდომარეც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც არის ძალიან გავლენიანი პირი და მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებული პირი.
ამიტომ, ერთის მხრივ მათ თავს ესხმიან და მეორეს მხრივ ანახებენ, რომ თითქოს ურთიერთობის დალაგება უნდათ. სინამდვილეში, ურთიერთობის დალაგება უნდათ, ალბათ, თავისი პირობებით, რაზეც აშშ არ წავა. ეს არის, ალბათ, მთავარი მიზეზი, რატომაც ასე საუბრობენ არის ის, რომ მათ ზუსტად იციან რა გაჟღერდება იქ [ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს შესახებ გაიმართება], ზუსტად იციან რა ინფორმაცია გაჟღერდება, ზუსტად იციან რა კითხვებს დასვამენ სენატორები, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმიტომ, რომ კონგრესში საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად იმისა ვინ იყო ხელისუფლებაში.
მე ვფიქრობ, რომ ეს მათი [“ოცნების”] მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამზადებენ თავიანთ მომხრეებს იმისთვის, რომ არ დაუჯერონ იმ ინფორმაციას, რაც გაჟღერდება სხდომაზე,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.
