საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ისევ იზრდება. ამას ბოლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს.
ირკვევა, რომ 2025 წელს ჯამში, სავაჭრო ბრუნვა 2 მლრდ 700 მლნ დოლარი იყო და ეს ციფრი გასული წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
ცნობილია, რომ საქართველო რუსეთიდან ყიდულობს ნავთობს, გაზს, ხორბალს და ზეთს. ექსპორტზე კი გადის ღვინო, სპირტიანი სასმელები და მინერალური წყლები, ასევე ხილი და კაკალი. ციფრები ადასტურებს, რომ რუსეთიდან საქართველო ბევრად მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
ამ მონაცემებს თავად რუსული მედიაც ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში ნავთობის შემოტანა 16-ჯერ გაზრდილია.
გაზრდილი სავაჭრო ბრუნვისა და იმპორტის სტრუქტურის ფონზე, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ ციფრებზე, არამედ იმ რისკებზე, რასაც რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება ქმნის. მათი შეფასებით, რეალური სურათი სტატისტიკაზე უფრო მძიმეა, რადგან ოფიციალური მონაცემები სრულად ვერ ასახავს ეკონომიკური კავშირების მასშტაბს და მათ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
ამისთვის არსებობს ცალკე ცნება. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების დონე წლიდან წლამდე მცირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20%, ამ ქვეყანაზე ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება. ავიღოთ ორბალი, ავიღოთ ნავთობპროდუქტები, ავიღოთ გაზი – ყველაფერი კეთდება, არ ვიცი განზრახ თუ უნებლიერ ისე, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე ეკონომიკური უსაფრთხოების ჭრილში გაიზარდოს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ვითომ მესამე ადგილზეა რუსეთი როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სინამდვილეში, არის გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორი, რაც მერე გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. პირველი -ავტომანქანებით ვაჭრობა, როცა ჩვენი ექსპორტის პირველი ქვეყანა გახდა ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ნაწილი ვაჭრობის ამ ქვეყნებთან არის სინამდვილეში, ვაჭრობა რუსეთთან. ამას ემატება ტურიზმი. ჩვენთვის ტურიზმი არის სერვისის ექსპორტის მნიშვნელოვანი წყარო და აქაც პირველ ადგილზეა რუსეთი. შესაბამისად, თუ მარტო ამ ორ გარემო ფაქტორს გაითვალისწინებ, საქართველოსთვის ამ ომის პარალელურად უკრაინაში გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, – ამმბობს გიორგი ხიშტოვანი.
ამ ფონზე “ოცნებაში” აცხადებენ, რომ არსებული ეკონომიკური კავშირები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და საფრთხედ არ განიხილება. ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელ საჭიროებებს უკავშირდება და მათი მასშტაბი გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს.
რასაკვირველია, რუსეთს ეკონომიკური გავლენის ბერკეტები გააჩნია , ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სახელმწიფოს უდგას. თუკი ჩენ დღეს ეკონომიკურ ბრძოლაში არ შევდივართ რუსეთთან, ეს გამომდინარეობს იმ ინტერესებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და თუკი ენერგორესურსს ვყდულობთ, ეს ენერგორესურსი ჩვენთვის არის საჭირო და ის რაოდენობა გადახდილი თანხისა, ნამდვილად მიზერია, რაღაც ნამცეცია, უშველებელი სხვაობაა ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობებს შორის რუსეთთან, – ამბობს გია ვოლსკი.
