თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავებულ კაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. პროცესის დეტალებს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ 26 წლის კაცის გათავისუფლება საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის მატარებელი იქნებოდა.
პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებული მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი სხდომაზე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. იმის დასადასტურებლად, რომ იგი ფსიქიატრთან მკურნალობდა, ადვოკატმა მოსამართლეს ცნობაც წარუდგინა.
ბრალდებული გადიოდა მკურნალობას და გააგრძელებს. ვფიქრობთ, რომ #8 პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს რესურსი, გაუწიოს სამედიცინო დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების მქონე პატიმრებს…
შეგიძლიათ, მას დაუწესოს სხვა შეზღუდვები: ჩამოართვათ პირადობის მოწმობა, აუკრძალოთ კონკრეტულ ადგილზე მიახლოება… ის მზად არის, შეასრულოს თქვენი მითითებები,” – თქვა დაკავებულის ადვოკატმა.
პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ადვოკატის ნათქვამს ეთანხმებოდა.
გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე… თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ. მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს,” – განაცხადა დაკავებულმა.
