საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერ–დეკემბერში ქვეყნიდან დაახლოებით 79 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გავიდა, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე. ოფიციალურ სტატისტიკაში საქართველო ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნად ფიქსირდება.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ყულევის ნავთობტერმინალზე, სადაც, მათი ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლოა შემოდიოდეს უკვე გადამუშავებული რუსული ნავთობპროდუქტი, რომელსაც ადგილობრივად მხოლოდ წარმომავლობის დოკუმენტები ეცვლება და შემდეგ ექსპორტზე გადის. მათი თქმით, ასეთი სქემა სანქციების გვერდის ავლის კლასიკურ მექანიზმად მიიჩნევა.
საქართველო შეიძლება გაეხვეს მორიგ საერთაშორისო სკანდალში. ექსპორტის უდიდესი ნაწილი განხორციელდა ნოემბრისა და დეკემბრის თვეში. ეს ემთხვევა ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მიერ რუსული ნედლი ნავთობის შემოატანას. ნედლ ნავთობს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ქარხანა ჯერ არ ამუშავებულა და მას არ შეუძლია ნავთობპროდუქტების გადამუშავება და ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე გადატან. შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო ნედლი ნავთობი. ქაღალდზე საბაჟოზე შემოვიდა როგორც ნედლი ნავთობი, სინამდვილეში, ეს არის დიზელის საწვავი, რომელიც აბსოლუტურად სხვა საბაჟო კოდით უნდა იყოს დაფიქსირებული. საუკეთესო შემთხვევაში, მცირეოდენი მანიპულაციით მისი გაუმჯობესება და გატანა ექსპორტზე, ესეც დარღვევაა და ყველაზე უარესი – თუ სინამდვილეში, შემოვიდა ნავთობპროდუქტი ან დიზელის საწვავი უკვე მზა, ან ბენზინი, გადმოასხეს აქ და შემდეგ ვითომ გადამუშავებული გაიტანეს ექსპორტზე, – ამბობს რომან გოცირიძე.
