ყველაზე მძიმე კვალიფიკაციით ხდება გიორგი გახარიას ბრალდება მაშინ, როდესაც ახალაიას, მერაბიშვილის და ადეიშვილის მიმართ 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო ბევრად უფრო მსუბუქი, ეს არის გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ გიორგი გახარიას მისცემოდა საშუალება, დისტანციურად ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა გიორგი გახარიას დისტანციურად სასამართლო პროცესზე ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც არის ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება. პროკურატურის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული. დაცვის მხარეს სამართლიანი გადაწყვეტილების არავითარი მოლოდინი არ ჰქონდა.
განასაიდუმლოონ მტკიცებულებები, გახსნან პროცესი, დაუშვან გიორგი გახარია დისტანციურად სასამართლო განხილვის პროცესში და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიანი მართლმსაჯულების მარცვალზე გიორგი გახარიას მიმართ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
