აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდებიან.
ამის შესახებ რვა არაბული და ისლამური ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
კატარის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდონეზიის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ჯ. ტრამპის მიერ მათი ლიდერებისთვის მშვიდობის საბჭოს წევრობის მოწვევას.
მინისტრები აცხადებენ თავიანთი ქვეყნების ერთობლივ გადაწყვეტილებას მშვიდობის საბჭოს წევრობის შესახებ. თითოეული ქვეყანა ხელს მოაწერს გაწევრიანების დოკუმენტებს მათი შესაბამისი სამართლებრივი და სხვა აუცილებელი პროცედურების შესაბამისად, მათ შორის ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებმაც უკვე განაცხადეს გაწევრიანების შესახებ.
მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთი ქვეყნების მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და ადასტურებენ თავიანთი ქვეყნების ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ მშვიდობის საბჭოს, როგორც გარდამავალი ადმინისტრაციის, მისიის განხორციელებას, როგორც ეს განსაზღვრულია ღაზას კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველ გეგმაში და მხარდაჭერილია გაეროს უშიშროების საბჭოს 2803 რეზოლუციით, რომელიც მიზნად ისახავს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებას, ღაზას რეკონსტრუქციის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობას, რომელიც დაფუძნებულია პალესტინის თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის უფლებაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რითაც გზას გაუხსნიან უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის,” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებაზე მზადყოფნის შესახებ განაცხადეს ისრაელმა, მაროკომ, არგენტინამ, უნგრეთმა და ბელარუსმა. საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს გაწევრიანებაზე. მთლიანობაში, მოწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 ქვეყნის ლიდერმა მიიღო, მათ შორის რუსეთმა, იტალიამ, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ა.შ.
ტრამპმა მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია.
