“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ახალ თამბაქოსთან დაკავშირებულ რეგულაციების პაკეტს სთავაზობს, რომელთა მთავარი მიზანიც და თამბაქოს მოხმარები კლებაა და არასრულწლოვნების კონტორლია.
“2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა 9% -იანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც.
აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს).
მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული (თუთუნის) თანაბრად დაიბეგროს, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა იაფფასიან ალტერნატივებზე გადასვლა.
საქართველო უნდა შეუერთდეს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს, კონტრაბანდის მინიმუმამდე დასაყვანად.
სადა შეფუთვის, რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უნდა გავრცელდეს უნიკოტინო ელექტრონულ სიგარეტებსა და მცენარეულ მოსაწევ საშუალებებზეც.
უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი (გარდა თამბაქოსი), რაც ბავშვებში და მოზარდებში პროდუქტს მიმზიდველობას უკარგავს.
თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე.
2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა აეკრძალოთ თამბაქოს ნაწარმის შეძენა.
სკოლებთან და ბაღებთან (50-მეტრიან რადიუსში) რეალიზაციაზე ჯარიმები უნდა გაორმაგდეს და აღდგეს სპეციალური სანებართვო სისტემა.
დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს: 1000 ლარი (პირველად), 3000 ლარი (განმეორებით) და 5000 ლარი (შემდგომ).
მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს კაზინოებსა და თეატრების სცენებზე. მეტროპოლიტენში ჯარიმა უნდა გაიზარდოს 100 ლარამდე.
მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის შესახებ.
უნდა გაიზარდოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ლაბორატორიული სიმძლავრეები და აღდგეს თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს 600 000-დან 400 000 ლარამდე შემცირდა).
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ინდუსტრიას უნდა დაეკისროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“, | ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.
