დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას.
„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.
