„ეს რუსეთის მორიგი ტყუილია. ცხადია, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტრამპთან, და ცხადია, რომ რუსებისთვის, თუკი ჩვენსა და ამერიკას შორის სკანდალი არ არის, არამედ პროგრესია, ეს მათთვის მარცხია. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. მათ შეუძლიათ მისი დასრულება მხოლოდ ზეწოლის ქვეშ. ამიტომაც ისინი ეძებდნენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მიზეზებს… და წინ მიიწევენ.
ახლა, ამ განცხადებით, თითქოს რაღაც რეზიდენციას დაესხნენ თავს, დარწმუნებული ვარ, ისინი უბრალოდ ამზადებენ ნიადაგს, რომ დაარტყან [უკრაინის] დედაქალაქს, სავარაუდოდ, სამთავრობო შენობებსაც კი.“
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ სექტემბერში რუსეთმა მინისტრთა კაბინეტის შენობას რაკეტებით შეუტია.
„ამიტომაც ახლა ყველა უნდა იყოს ფხიზლად, აბსოლუტურად ყველა. შეიძლება განხორციელდეს თავდასხმა დედაქალაქზე. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანმა – თუკი მას ადამიანი შეიძლება ვუწოდოთ – თქვა, რომ ისინი შესაბამის სამიზნეებს შეარჩევდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იმუქრებიან“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ 28-29 დეკემბრის ღამეს რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა და თქვა, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კრემლის პოზიციის გადახედვას გამოიწვევდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეები და მათი განხორციელების ვადები უკვე შეარჩია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნოვგოროდის ოლქის რეზიდენციაზე თავდასხმას შეეცადა.
