“უნდა ვიცოდეთ რა არის მაღალი ფასების მიზეზი… კახა ბექაური, რომლის ხელფასი 18 000 ლარია და 22 ბინა აქვს, ფლობს “ორი ნაბიჯის” 33% -იან წილს და 2020-23 წლებში 45.6 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო”, – “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც შსს-ს მოუწოდებს საქართველოში მაღალი ფასების გამოძიებისკენ.
მისივე თქმით, აუცილებელია ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებს ფლობენ, როგორიცაა ” ორი ნაბიჯი”.
“მაშინ როცა ირაკლი კობახიძე ბოლოს და ბოლოს აღიარებს საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებულ არანორმალურად მაღალ ფასებს, რაზეც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი მიუთითებდა,
უნდა ვიცოდეთ რა არის ამგვარი მაღალი ფასების მიზეზი და ვინ არის ის ხალხი, რომლებიც ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებს ფლობენ:
კახა ბექაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია ინფო 9 -ს ხელმძღვანელობდა, 2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ხოლო 2017 წელს კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს.
ბექაური დღემდე ხელმძღვანელობს ამ უწყებას, სადაც მისი საშუალო თვიური ხელფასი 18,000 ლარია.
კახა ბექაური აგრეთვე ფლობს 33% წილს “ორი ნაბიჯის” მაღაზიათა ქსელში. “ორ ნაბიჯს” ქვეყნის მასშტაბით 758 მაღაზია აქვს, რაც მთლიანად სუპერმარკეტების ბაზრის 18.1% შეადგენს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2023 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 45.6 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო:
2024 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2023 წელს) თანახმად – 18.2 მილიონი ლარი;
2023 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2022 წელს) თანახმად – 14.8 მილიონი ლარი;
2022 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2021 წელს) თანახმად – 8.3 მილიონი ლარი;
2021 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2020 წელს) თანახმად – 4.3 მილიონი ლარი.
32-გვერდიან ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური უთითებს რომ ის და მისი მეუღლე ფლობენ 22 ბინას, 13 მიწის ნაკვეთს, აგრეთვე 2.1 მილიონი ლარის ღირებულების 7 ავტომობილს,
მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Range Rover Autobiography არის, რომელშიც ბექაურმა 2022 წელს 602 ათასი ლარი გადაიხადა, ასევე Porsche Panamera GTS, რომელშიც ასევე 2022 წელს ბექაურმა 372 ათასი ლარი გადაიხადა. 2023 წელს კი ბექაურმა Land Rover Defender-ი 326 ათას ლარად შეიძინა.
ცხადია, პროდუქციაზე მაღალი ფასების რეალური მიზეზი ქვეყანაში არსებული მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ტოტალური კორუფცია და უაზრო რეგულაციებია,
რომლის მკაფიო გამოხატულებაცაა კახა ბექაურის შემთხვევა, რომელიც ორი ნაბიჯის 33%-იან წილს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მართავს” – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში.
