Batumelebi წერს, რომ მათი დამფძუნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა – ადვოკატების მიმართვის შემდეგ კი, სახალხო დამცველმა საქმისწარმოება დაიწყო.
საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება.
საიამ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად. საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.
Batumelebi წერს, რომ დღეს, 27 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში მათ ვერ უთხრეს, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, Batumelebi-ს ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს, რომ დაიწყეს საქმისწარმოება და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
”
უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ მკურნალობის პროცესში უშუალოდ მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს პატიმარს. შესაბამისად, ვნახავთ, დოკუმენტაცია გამოთხოვილია, წარმოდგენილიც არის განცხადებით. ჩვენთან დასაქმებულია ექიმი, ჩვენი ექიმი შეაფასებს ამ დოკუმენტაციას და შემდგომში მოხდება რეაგირება. თუ ჩავთვლით, რომ არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ ეწევა, შესაბამისი წინადადებით მივმართავთ უწყებას და რეკომენდაცია გვექნება, რომ გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
გარდა ამისა, ქალბატონი მზიას მონახულებაც იგეგმება ამ დღეებში, ან ამ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმებსაც გავესაუბრებით, ვინც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში მას მკურნალობას უწევს”, – უთხრა სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა Batumelebi-ს.
სახალხო დამცველის მოადგილის განმარტებით, მათ საქმისწარმოების დაწყებამდე გამოითხოვეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია საჯარო განცხადებების მოსმენის შემდეგ, თუმცა ჯერ პენიტენციური სამსახურიდან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.
