ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას,- ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო.
იქამდე, მოსამართლემ მისი ვინაობა დაადგინა, მათ შორის, თუ რას საქმიანობდა ის დაკავებამდე.
„სოხუმელი ვარ, ისე ბათუმში ვცხოვრობ“- განაცხადა ჭავჭანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ მოუწოდა, შიმშილობით ჯანმრთელობა არ დაეზიანებინა, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა ადვოკატთან ერთად სრულყოფილად შეძლებოდა.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკიდურეს ზომას მიმართეთ, სრული შიმშილობა გამოაცხადეთ. ჩემი, როგორც მოსამართლის რჩევაა, რომ თქვენ ჯანმრთელად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება შეძლოთ აქ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მინდა ეს რჩევა მოგცეთ”- განაცხადა ბუგიანიშვილმა.
მას ბრალდებულმა სთხოვა, დრო მიეცა იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი საზოგადოებისთვის ეთქვა, რაზეც მოსამართლემ მას პირობა მისცა, რომ ყველას მისცემს სასაუბრო დროს.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
