“ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე: ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, ახლა კიევზე “ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება.”
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იგი გააგრძელებს აშშ-სა და ევროპასთან მუშაობას.
“ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე: ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი – ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.
ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება.
ჩვენგან პასუხს ელიან, მაგრამ უკვე გავეცი ამაზე პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როდესაც ვთქვი, რომ ვიღებ ვალდებულებას დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ფოლადისები ვართ, მაგრამ ყველაზე გამძლე ლითონმაც კი შეიძლება ოდესღაც ვეღარ გაუძლოს.
ჩვენ რამდენიმე ათას კილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ. ყოველ ღამე ხალხი დაბომბვების ქვეშაა. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი საბოლოოდ სამართლიანად დასრულდეს.
მივმართავ ყველას — ხალხს და პოლიტიკოსებს — საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება.
ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა.
მომავალი კვირა არ იქნება მარტივი და იქნება მოვლენებით დატვირთული. თქვენ ზრდასრული და ინფორმირებული ხალხი ხართ. ამ დროს დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს.
უკრაინული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. მე დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს“, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის უკან ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
