მეტრონომი გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ფაჟავასთან და რატი გაჩეჩილაძესთან, წყვილთან, რომელიც პირველივე დღიდან მეგა-შოუს – “ცეკვავენ ვარსკვლავები” ფავორიტად ითვლება.
მეტრონომი: – სალომე, ვინ შემოგთავაზა თავდაპირველად პროექტში მონაწილეობა და ადვილად მიიღე თუ არა თანხმობის გადაწყვეტილება?
სალომე ფაჟავა: – პრაიმშოუს ჩაწერაზე – ვიყავი და რომ დამთავრდა, სწორედ მაშინ, ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა. იმ მომენტში ვიცოდი, რომ სპორტულ კარიერას ვასრულებდი და მქონდა დრო. აქამდე რომ ყოფილიყო შემოთავაზება, თავისთავად უარს ვიტყოდი. მე დავთანხმდი და თვენახევრის შემდეგ ნოე დამიკავშირდა, მითხრა, რომ პროექტში ვიქნებოდი. მაშინაც ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა და საბოლოო – დავთანხმდი. ჩემთვის ეს სიახლე იყო და მინდოდა სპორტის შემდეგ რაღაც ახალი გამომეცადა. პირველად, რომ დაგვაწყვილეს, რატის (გაჩეჩილაძე) ვუთხარი ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი და როგორც დავიწყე, ისე მივყვები.
მეტრონომი: – რატი, როგორ შეიცვალა სალომე პირველი დღიდან დღემდე?
რატი გაჩეჩილაძე: – სპორტული ჟინი როგორიც ჰქონდა, უფრო უკეთესი აქვს. რაც შეეხება როგორც მოცეკვავე, ბევრად გაუმჯობესებულია. დაახლოებით 14 ცეკვა აქვს შესრულებული და გამოცდილება მიიღო. პირველი “ლაივიდან” – დღემდე, შედარება არ არის…
მეტრონომი: – ცეკვა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო თქვენთან და ცეკვა, რომელიც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?
სალომე ფაჟავა: – ჩემთან ყველაზე ახლოს იყოს პასა დობლე და ტანგო, ვერ ავარჩევ რომელი… ყველაზე მეტად გამიჭირდა, როდესაც რატი არ იყო, ვენური ტრიო რომ ვიცეკვეთ, ვენური ვალსი.
რატი გაჩეჩილაძე: – სამი ცეკვა იყო ჩემთვის, რომ იტყვიან ყველაზე გემრიელი – პასა დობლე, ტანგო და რუმბა. ერთი რომ გამოვარჩიო, ასე რთულია, სამივე სხვადასხვაა…
მეტრონომი: – რატი, სხვა პარტინიორებთან (ცეკვის) როგორ შეადარებდი სალომეს?
რატი გაჩეჩილაძე: – ოთხი სეზონია მონაწილეობას ვიღებ. სალომეს ვერავის შევადარებ, ასე ადვილად და კარგად არც ერთ მეწყვილესთან ვყოფილვარ. დანარჩენი მეწყვილეებიც ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ ეს მაინც “გიჟია.”
მეტრონომი: – სალომე, გაგიადვილა სპორტსმენობამ ცეკვების ათვისება და პროექტში მონაწილეობა?
სალომე ფაჟავა: – რაღაც წვლილი მიუძღვის სპორტს, რაღაც მომენტებში ცოტა მიშლიდა, მაგრამ უმეტესად დამეხმარა.
რატი გაჩეჩილაძე: – უმეტესად დაეხმარა, რადგან ამ პროექტში თვითონ გაძლება რთულია. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად, მეორე რიგში, ფიზიკურად, – რაშიც ნაკლები პრობლემა ჰქონდა, ფსიქოლოგიურად, მაგალითად, ნახევარფინალში ორი ცეკვა რომ ვიცეკვეთ, იმ კვირას სალომეს პიკი ჰქონდა, ფსიქოლოგიურად მძიმედ იყო საქმე.
სალომე ფაჟავა: – ის კვირა ჩემთვის იყო ძალიან ძნელი, ყველაზე რთული, რაც კი პროექტი დაიწყო და იმ პერიოდში ვითვლიდი, როდის იქნებოდა ბოლო დღე. თუმცა, კონკურსიდან წასვლის სურვილი არ გამჩენია.
მეტრონომი: – თქვენ აუთსაიდერიც ყოფილხართ. გიფიქრიათ, რომ დატოვებდით პროექტს?
სალომე ფაჟავა: – აუთსაიდერის ადგილას ორჯერ ვიდექით. ბოლომდე მჯეროდა, რომ გადავიდოდით, რაღაც მომენტში გაიელვა, რომ შეიძლებოდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ არა…
მეტრონომი: – პროექტში გამარჯვებაზე თუ გიფიქრიათ?
სალომე ფაჟავა: – ყოველთვის ვფიქრობდით კონკრეტულ ცეკვაზე და არ მიფიქრია, რომ ყველა ვარიანტში იქ უნდა ვიყო. ფინალში ახლა ყველა ფავორიტია, ყველას აქვს შანსი.
მეტრონომი: – სალომე, გიფიქრია თუ არა კარიერის გაგრძელება ცეკვის მიმართულებით, ან შემოთავაზება ხომ არ გქონია ამ კუთხით?
სალომე ფაჟავა: – ჯერ არ ვიცი.
რატი გაჩეჩილაძე: – შესთავაზეს. ვფიქრობ, უნდა გააგრძელოს, მართლა აქვს ტალანტი სამეჯლისო ცეკვებში.
მეტრონომი: – რა მოგცათ ცეკვავენ ვარსკვლავებმა?
სალომე ფაჟავა: – პირველ რიგში ის, რომ ასეთი ადამიანი (რატი გაჩეჩილაძე) გავიცანი. საოცარი მეწყვილეა და სულ ვამბობ, რატი რომ არა, მე ასე ვერ ვიცეკვებდი. რატი საოცარი მასწავლებელია,
“მიღეჭავს” და თავის მოსწავლედ მიმიჩნევს. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის, უბედნიერესი სამი თვე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღლებოდი, იყო პრობლემები, მაგრამ ჯამში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო.
მეტრონომი: – რომ არა თქვენ, ვის უგულშემატკივრებდით?
რატი გაჩეჩილაძე: – სიმართლე გითხრათ, თავიდან ვამბობდი ამ სამეულს ფინალში ვინც ვართ. თუ ჩვენ გამოვვარდებოდით ვისაც ფინალში ჩავსვამდი იქნებოდა – ანა ამილახვარი და ირაკლი ძაძამია. ისინი გაიმარჯვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს თიმ (მაჭავარიანი) ამოქაჩა კარგად.
სალომე ფაჟავა: – ყველაზე მეტად ანას და ირაკლის გავარდნა მეწყინა.
მეტრონომი: – პროექტის დროს თუ ყოფილა შიდა დაძაბულობა?
რატი გაჩეჩილაძე: – ჟიურისგან არასდროს მიგვრძნია, რომ ქულები უსამართლოდ დაეწერათ. წყვილებს შორის დაძაბულობა არ არის. მე როცა დავინახავ ახლა გინდ გიგას, გინდ თის, რომ არასწორად აკეთებენ ტექნიკურად, ეგრევე ვეუბნები, რომ ესა და ეს შეასწორეთ-თქო. ეგ კი არა გენერალური რეპეტიციის შემდეგ, გინდ გიგა და გინდ თი მოდიან, მეკითხებიან რა გამოასწორონ, რაზეც მათ გულწრფელად ვპასუხობ.
მეტრონომი: – რას ეტყოდით მაყურებელს?
რატი გაჩეჩილაძე: – ცოტა უხერხულადაა და ეგრეა ეს პროექტი. ფინალი დარჩა და დაგვირეკონ, დაგვიმესიჯონ, თითო ზარსაც მნიშვნელობა აქვს და თუ უნდათ როგორც გამარჯვებულები ისე გვნახონ, ფინალში ეგ არის გადამწყვეტი.
მეტრონომი: წარმატებას ვუსურვებთ სალომე ფაჟავასა და რატი გაჩეჩილაძეს.
მიეცით ხმა ნომერზე: – 0903300352