“დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ მათ [ემიგრანტებს] ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია”- ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად,, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ.
“ამ შემთხვევაში მე არავის ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის მილიონ ნახევარი ადამიანი ვის მხარეს არის, არც ის მაინტერესებს, არჩევნებში ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკი არის მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ის, რაც ბოლო არჩევნებზე გაკეთდა, ის დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ალბათ სტრასბურგის სასამართლო ბჭობს და საჭიროა, რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების. ჩვენი კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღვწიან იქ, სადაც არიან, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, თქვენ არ ხართ ჩვენი შვილებიო”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
