ქალბატონო ელინა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი – შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან აღარ გვსურს ურთიერთობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
“ის შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი, ბუნებრივია, ჩაიშლებოდა და ჩაიშალა კიდეც. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას, ძალიან აცდენილი არიან ისინი თავიანთ მანდატებს, როგორც ნაწილი ელჩებისა, ასევე თვითონ.
თავი შეირცხვინეთ, დაარღვიეთ ის მანდატი, რითაც აქ ჩამოხვედით. როდესაც ჩამოდიხართ აქ ეუთოს თავმჯდომარის მანდატით და ამავდროულად, ხართ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება გმართებთ. შერცხვენილი ხართ და თქვენთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა,“ – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ელინა ველტონენი გუშინ, რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდა.