კვლავ აცდენილი ვართ მთავარს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“4 ოქტომბრით გამოწვეული ზიანის ლამის ტოლფას ზიანს უკვე მომხდარის “ანალიზი” იწვევს. აბსოლუტურად სულელური ვერსიებია, რომ თურმე ვიღაცებმა ღალატი ჩაიდინეს, რომ ჯანყში ივანიშვილის ყოფილი მონისტრები მონაწილეობდნენ, მაგრამ ბოლოს რევოლუციონერებს უგანეს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე, რომელსაც დეკორატიული ფუნქცია აქვს, თურმე წინასწარ გადაჭრილი ყოფილა, რათა ადვილად შეღწეულიყვნენ და მსგავსი მრავალი სხვა არასერიოზული ვერსიები მოედინება საინფორმაციო ველიდან.
“ოცნების” მოღალატე რეჟიმი თავის მხრივ აბსურდულ ვერსიებს იგონებს ვითომ იარაღის სამარხებისა თუ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი “დიალოგების” შესახებ. ამას კონკრეტული ბოროტი მიზანი აქვს, რომელსაც რეპრესიებისა და დაპატიმრებებისათვის იყენებს. რა მიზანი აქვს წარუმატებელი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის სრულიად აბსურდულ ინტერპრეტაციებს?
ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური ძალების და მთელი საზოგადოების, მათ შორის მედიის ძალისხმევა ამ უსამართლო რეპრესიების შესაჩერებლად იყოს მიმართული, მათ შორის საერთაშორის მხარდაჭერის მობილიზების გზით, უაზრო ანალიტიკობანაში ვართ გადავარდნილი და კვლავ აცდენილი ვართ მთავარს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა”