საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ლ.პ.-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მის მიერ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში შეუცვალა სახელწოდება და დაარეგისტრირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით.
ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, არარეზიდენტ საწარმოებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, ელექტრონული ფოსტით მეშვეობით უგზავნიდა ყალბ ინვოისებს და არარსებული მომსახურების ანაზღაურებას მოტყუებით არიცხინებდა, მის საკუთრებაში არსებული, ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული ქმედებით, ლ.პ. 2020 წლის 9 ივნისიდან 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდში მოტყუებით დაეუფლა 17 არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ ჯამში 47 922 ევროს (165 047.17 ლარი).
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა დაანაწევრა და ფიქტიური ინვოისების საფუძველზე გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რითაც მოახდინა 17 271 აშშ დოლარის (52 708.95 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.პ. 2021 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.