“ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” 4 ოქტომბრამდე ყველას შეახსენა, რომ მეტი რესურსი ჰქონდათ “მოზალადეების, დამნაშავეების ამოსაცნობად, შესაბამისად ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს”.
ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა, რაც იყო გარედან მხარდაჭერილი. მათ შორის ვიხილეთ საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც. ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე და მერვე მცდელობებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა. გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი,” – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებთ, ერთ-ერთი აქციის მონაწილე “ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს“ და აღნიშნული “ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას“. კობახიძის განცხადებით, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი.
“კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა – შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ.
ერთ-ერთი აქციის მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს ვიგინდარა მართლა, მეტი სიტყვა არ შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ გამოვიყენოთ, იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ, მკურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან. ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი. კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი მკაცრი პასუხის გაეცემა ყველა უცხოელ აგენტს, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
