“საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა. ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა!,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა.
“საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა. ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა!
ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას – შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა.
ფაქტია, რომ საზოგადოებაში მოთხოვნაა ცვლილებებზე, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებებზე, რაც დადასტურდა 4 ოქტომბერს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ ვითარებაში თავდასხმის და შანტაჟის მიუხედავად მივიდა არჩევნებზე და საკუთარი ნდობა გამოგვიცხადა.
ჩვენთვის მთავარია ყველაფრის მიუხედავად პატივი ვცეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ, თუმცა შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მივიგებთ” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.