საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ.
“პროკურატურის სპეციალიზებულ დანაყოფში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, ესპანეთის სამეფოში ოპერირებად საწარმოს კონტრაქტორი კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ და რეალურთან მიმსგავსებული ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაგზავნილი ყალბი ინვოისის საფუძველზე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ჯამში 545 784 ევრო მოტყუებით გადაარიცხინეს არარეზიდენტი საწარმოს უცხოურ საბანკო ანგარიშზე.
აღნიშნულის შემდეგ, ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით გადაირიცხა სხვადასხვა ქვეყანაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე. მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი – 184 353 ევრო, ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოში, ბრალდებულის მიერ დაფუძნებული და მის გამგებლობაში არსებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა.
ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, კონვერტირებული იქნა აშშ დოლარში და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე გადაირიცხა საზღვარგარეთ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე.” – წერს პროკურატურა.