შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მედია საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან და მაქსიმალურად დაიცვან ეთიკის ნორმები. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმელებისა და პოლიციის თავდასხმა განიხილება, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რასაც შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის შესახებ გაკეთებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას.
სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას.
კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას – თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.