ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ღაზაში მყოფ მძევლებსა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართა.
ნეთანიაჰუმ მძევლების სახლში დაბრუნების პირობა დადო, „ჰამასის“ წევრებს კი იარაღის დაყრისკენ და ყველა მძევალის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება, ომის დასრულება ახლავეა შესაძლებელი.
„ჩვენო მამაცო გმირებო, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გესაუბრებათ პირდაპირ ეთერში გაერო-დან. ჩვენ არ დაგვვიწყებიხართ არცერთი წამით. ისრაელის ხალხი თქვენთანაა. ჩვენ არ შევდრკებით და არ მოვისვენებთ, ვიდრე ყველა თქვენგანს სახლში არ დავაბრუნებთ. ქალბატონებო და ბატონებო, ისრაელის დაზვერვის სპეციალური ძალისხმევის წყალობით, ჩემი სიტყვები ახლა იქ აღწევს, პირდაპირ ეთერში გადაიცემა ღაზელების მობილურებში. ასე რომ, „ჰამასის“ დარჩენილ ლიდერებს და ჩვენი მძევლების დამატყვევებლებს მივმართავ, დაყარეთ იარაღი, გაათავისუფლეთ მძევლები დაუყოვნებლივ, ყველა მათგანი, 48 მძევალი. ამას თუ გააკეთებთ, იცოცხლებთ, თუ არა, ისრაელი თქვენს დევნას არ შეწყვეტს. „ჰამასი“ თუ ჩვენს მოთხოვნებზე დათანხმდება, ომი შეიძლება ახლავე დასრულდეს. მოხდება ღაზის დემილიტარიზაცია. ისრაელი შეინარჩუნებს კონტროლს უსაფრთხოებაზე, მოხდება მშვიდობიანი სამოქალაქო ხელისუფლების ჩამოყალიბება ღაზელების მიერ და სხვების მიერ, ვინც ისრაელთან ერთად მშვიდობას უჭერს მხარს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელმა დარტყმა მიაყენა „ჰუსიტებს“, გაანადგურა „ჰამასის“ ტერორისტული მანქანის ძირითადი ნაწილი და სერიოზული ზიანი მიაყენა „ჰეზბოლას“. ასევე, რაც ნეთანიაჰუს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისრაელმა გაანადგურა ირანის ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ განადგურების საქმეს დაასრულებს.
„„ჰამასის“ უკანასკნელი ელემენტები, უკანასკნელი ნარჩენები, ქალაქ ღაზას აფარებენ თავს. ისინი პირობას დებენ, რომ 7 ოქტომბრის სისასტიკეს ისევ გაიმეორებენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად შემცირებული იქნება მათი ძალები. ამიტომ, ისრაელმა უნდა დაასრულოს ეს სამუშაო. სწორედ ამიტომ გვინდა ამის გაკეთება რაც შეიძლება, სწრაფად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ აშშ-სთან ერთად ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე აღმოფხვრა. ნეთანიაჰუს თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ამიტომ, თეირანის მიმართ გაერო-ს სანქციები აღდგეს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და მე პირობა დავდეთ, რომ არ დავუშვებდით, ირანს ბირთვული იარაღი შეემუშავებინა და ეს დაპირება შევასრულეთ. ჩვენ მოვაშორეთ ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე და ცივილიზებული სამყაროსთვის სასიკვდილო საფრთხე. ჩვენ გავფანტეთ ბნელი ღრუბელი, რომელსაც შეეძლო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აბსოლუტურად ნათელი გონება და სიფხიზლე. არ უნდა დავუშვათ ირანის სამხედრო ბირთვული შესაძლებლობების აღდგენა. ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა განადგურდეს, ხვალ კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები ირანის წინააღმდეგ უნდა აღდგეს“, – აღნიშნა ისრაელის ლიდერმა.