მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი და პედაგოგი, ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადაპტირებულ საკანში გადაიყვანეს – ამის შესახებ “მეტრონომს” ადვოკატმა თამარ გაბოძემ განუცხადა.
“ნინო დათაშვილი ადაპტირებულ საკანში გადაიყვანეს, სადაც საწოლს აქვს ფუნქცია სხვადასხვა პოზიციაზე დააყენოს ნინომ. ამის შესახებ ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რაც ციხის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა.
ახლა ვაკვირდებით პროცესებს. მას ფიზიოთერაპიასაც უტარებენ. უნდა ვნახოთ ამას რამდენად ექნება შედეგი და თუ ამას არ ექნება შედეგი, ცხადია, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა და ქირურგიული ჩარევა, რადგან ასეთია ექიმის რეკომენდაცია” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნინო დათაშვილმა მის ბოლო 2 სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
დათაშვილი 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.