სამეგრელოს პოლიციამ ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტი, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.