საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.