ქვემო ქართლის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა 20 წლის გოგოსათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დაკავებულთა შორის არიან ქალებიც.
ინციდენტი ქვემო ქართლში, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
გამოძიების თანახმად, ამ სოფელში, – რომელსაც უწყება არ ასახელებს, – ერთ-ერთმა კაცმა, მესამე პირის დახმარებით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2005 წელს დაბადებულ გოგოს.
როგორც შსს წერს, ეს მათ გააკეთეს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით“.
- საუბარია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივზე – თუმცა ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა „გენდერი“ 2025 წლიდან ამოიღეს.
პოლიცია იუწყება, რომ შეტყობინების მიღებისთანავე „მყისიერად დაადგინეს“ გატაცებულის ადგილსამყოფელი და გამტაცებელი და მისი დამხმარე დააკავეს.
ასევე, როგორც შსს-ის პრესცენტრი წერს, დაკავებული არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
ასეთი ხუთი ადამიანია.
გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:
- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტი);
- იძულება (150-ე მუხლი);
- მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მთავარი ბრალდებული 29 წლისაა, მისი „დამხმარე“ კი – 43 წლის (წარსულში ნასამართლევი).
დანარჩენები – შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულები – არიან 55, 32, 77, 32 და 57 წლისანი. შსს განცხადებაში არ წერს, ენათესავებიან თუ არა ისინი პირველ ბრალდებულს.
როგორც სამინისტრო წერს, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.