საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის. საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც.
უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.
შეკრების თავისუფლება თავის თავში მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა. ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას.
ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა.
საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა.
ასევე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან.
სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.