საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი დონდოლაძემ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ განცხადება გააკეთა.
მისივე თქმით, შსს-ის თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და მათ მიერ ძებნილი, 12 პირი დააკავეს.
“დაკავებული პირები, თურქეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო დონეზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან, 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.
დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წვრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობისა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა.
აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულნი იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.” – განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ.