აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ტრამპის თქმით, ბირთვული ნავები “შესაბამის რეგიონებში განალაგა” მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევის მუქარის შემცველი განცხადებები მოისმინა.
Truth social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ თუ მედვედევის აღმაშფოთებელი განცხადება უბრალო სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება, მისი მხრიდან ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება.
“დიმიტრი მედვედევის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, მე გავეცი ბრძანება, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს. ეს საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და აბსურდული განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ვიმედოვნებ, ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის” – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამერიკის მთელი წყალქვეშა ფლოტი ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს, თუმცა ყველა მათგანი არ არის ბირთვული რაკეტების გაშვების უნარის მქონე. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რუსეთის რიტორიკული აგრესიის საპასუხოდ ის ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავებს განალაგებს, თუ ბირთვული დარტყმის უნარის მქონეს.