ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადებიდან ირკვევა, რომ დღეს ვაშინგტონმა ორგანიზაციის დირექტორს, ოდრი აზულეს აცნობა გადაწყვეტილება იუნესკოს დატოვების შესახებ, რადგანაც მასში წევრობა, “არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში”.
კერძოდ, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, ორგანიზაციის მიერ პალესტინის წევრ სახელმწიფოდ მიღების საკითხი სახელდება.
“იუნესკო მუშაობს სოციალური და კულტურული საკითხების წინ წასაწევად და დიდ ყურადღებას ამახვილებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელიც გლობალისტური, იდეოლოგიური დღის წესრიგია საერთაშორისო განვითარებისთვის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. იუნესკოს გადაწყვეტილება „პალესტინის სახელმწიფოს“ წევრ სახელმწიფოდ მიღების შესახებ ძალიან პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობს ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას”, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობა ფოკუსირებული იქნება ამერიკული ინტერესების წინ, მკაფიოდ წამოწევაზე.
აშშ იუნესკოს ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.