2 დღის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანი დაჭრეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგზე აქვს მიყენებული.
„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ დაჭრილის ახლობელი.
შეგახსენებთ, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მარნეულში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის მინდორში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.