“გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ, რუსი ხარო მე მეუბნებით, რუსეთში განათლებული კაცი და ა.შ. – ეს გავიგეთ, მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ბატონმა ელგუჯამ [ადგილობრივმა] აქ იცრუა. იცრუა თუ არ იცრუა?” – ეს კითხვა დაუსვა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე საუბრისას.
თეა წულუკიანის თქმით, ჩორჩანას მეზობლად მცხოვრებმა ელგუჯა ხარაზიშვილმა, საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ საგუშაგოს განთავსების შემდეგ, ტყით, რომელშიც სოფლის მოსახლეობა თავისუფლად შედიოდა, ვეღარ სარგებლობენ.
„აქ მოვიდა ელგუჯა ხარაზიშვილი, იქ [ჩორჩანასთან] ცხოვრობს ეს კაცი, როცა ამ კაცმა თქვა, მას მერე, რაც ეს საგუშაგო ჩაიდგა – საუბარი თქვენ მიერ იქ ჩადგმულ საგუშაგოზე, ამ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო, მანამდე შევდიოდით, სოფელი ვსარგებლობდით და ამ საგუშაგოს ჩადგმის მერე ვეღარ შევდივართო. შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზედაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.
„არ მითქვამს და და არ ვიტყვი არასოდეს, ბატონი ელგუჯა, თქვენგან განსხვავებით ღირსეული ადამიანია.“ -აღნიშნა გახარიამ, ხოლო, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, „ანუ ვეღარ შედის [ტყეში] თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის მერე“, გახარიამ უპასუხა: „ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.“