იურისტ ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, “ქართული ოცნების“ კანონპროექტით, გზის გადაკეტვისთვის შედგენილი ჯარიმები პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება და შსს-ში გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ იქნება.
სიმონიშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ “საქმის ერთი ინსტანციით ნაკლებში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.“
მისივე თქმით, ახალი წესი იმ საქმეებზეც გავრცელდება, რომლებიც დაჯარიმებულებმა შსს-ში უკვე გაასაჩივრეს და პასუხს ელოდებიან.
“ქართული ოცნების“ პარლამენტი გზის გადაკეტვაზე შედგენილი ჯარიმების გასაჩივრებისა და განხილვის წესსაც ცვლის. კანონპროექტში წერია, რომ იმ სამართალდარღვევებზე, სადაც სახდელის სახით პატიმრობასთან ერთად სხვა სახდელიცაა გათვალისწინებული (მაგ. ჯარიმა) და ამ საქმის განხილვისა და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, მაშინ დადგენილება გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში და ზემდგომ ორგანოში აღარ.
მარტივად რომ ავხსნა, გზის გადაკეტვისთვის სახდელად 5 000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, რაც 174 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს გასაჩივრების ახალ წესს უქვემდებარებს.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამის შემდეგ შედგენილი ჯარიმები გზის გადაკეტვაზე პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, შსს-ში გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ იქნება და საქმის ერთი ინსტანციით ნაკლებში გასაჩივრება შეგვეძლება.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯარიმა ძალაში შევა და აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და აპელაციაში გასაჩივრება მის მოქმედებას არ შეაჩერებს. ამდენად, ჯარიმის გადახდა პირველი ინსტანციის დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყონ.
აქვე განვმარტავ, რომ აპელაცია ამ საჩივრებს ისედაც არ დაუშვებს და მალევე მოიშორებს საქმეებს თავიდან.
შსს-ში ვინც შეიტანეთ საჩივრები და ჯერ პასუხი არ მიგიღიათ, ეს წესი ამ საქმეებზეც გავრცელდება. შსს აღარ განიხილავს თქვენს საჩივარს და ყველა ეს საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.
აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს წესი შეეხება შსს-ს შედგენილ საჯარიმო ქვითრებს და ვინც სასამართლომ დააჯარიმა, მაგრამ ჯერ დადგენილება არ ჩაბარებია, ისევ ძველი წესი გამოიყენება და დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა”, – წერს სიმონიშვილი.